საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის წევრების სტუმრობა ამერიკაში

24 -29 ნოემბრის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, წმინდა სინოდის წევრები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი,  ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. მათ უმასპინძლეს ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსმა, ყოვლად უსამღვდელოესმა მეუფე საბამ და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა დავით ბაქრაძემ.

25 ნოემბერს, სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს, მერილენდის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში და გადაიხადეს პანაშვიდი, ბათუმში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპულთა სულების მოსახსენებლად.  26 ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების დღეს, მათ წირვა აღავლინეს ფილადელფიის, წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში.  ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღეს ეპარქიის მღვდელმსახურებმა. ამავე დღეს, მღვდელმთავრების სტუმრობასთან დაკავშირებით, სპეციალურად ჩამოაბრძანეს ჰავაიდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი. წირვის შემდეგ მოეწყო შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. გაიმართა კონცერტი და სადღესასწაულო ბანკეტი.

ვიზიტის ფარგლებში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სხვა რელიგიური ლიდერები და აკედემიური წრეების წარმომადგენლები. ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრობისას, სასულიერო პირები შეხვდნენ კონგრესმენებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სამოქალაქო სექტორის, აკედემიური წრეების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები სტუმრობდნენ თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სადაც მოინახულეს იქ დაცული ქართული არქივი. ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტსა და ლინკოლნის მემორიალს.

ვიზიტი “განვითარების და დემოკრატიის ცენტრის” (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო.

P.S. ვიზიტის ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ “გალერეაში”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *