დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი (უძღები შვილის კვირა)

მშვიდობა მოგცეთ უფალმა!

დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის მეორე კვირას ეწოდება “უძღები შვილის კვირა”. საღვთო ლიტურგიაზე ვისმენთ სახარებისეულ იგავს “უძღები შვილის” ( ლკ. 15, 11-32) შესახებ. ( “უძღები” ე. ი. “წარწყმედული”, “შეცთომილი”, “დაკარგული”, მფლანგველი”. ი. აბულაძის ლექსიკონში: “ურცხვი, უწესო, ხარბი და გაუმაძღარი”). წმიდა ეკლესიის სწავლებით იგავი უპირველეს ყოვლისა შთაგვაგონებს, რომ ჩვენ ყოველთვის სასოება(იმედი) უნდა გვქონდეს ღმერთის დიდი მოწყალებისა, თუ გულწრფელად მოვინანიებთ ჩვენ ცოდვებს.
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი გვმოძღვრავს: – დავემსგავსოთ უძღებ შვილს, ოღონდ არა მისი დაცემით და დაგლახაკებით, არამედ მისი მოქცევითა და სინანულით, მისი “შემუსრვილი გულითა და მდაბალი სულით”, უღირსებისა და ბრალეულყოფის მუდმივი შეგრძნებით, რათა ყოველთვის ცრემლით ვევედროთ ღმერთს ისევე, როგორც უძღები შვილი შეევედრა მამას: “მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა…” უძღები შვილის აღსარებაში “ცად მიმართ” ზეციური სამყოფელია, “წინაშე შენსა” კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვცოდავთ როგორც ღმერთის, ასევე მშობელი მამის, ვითარცა ზეციური ღმერთის მიწიერი წარმომადგენლის წინაშეც. (“იგავნი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი” – განმარტებანი, დ. ღლონტი)
წმ. ეფრემ ასური ღმერთს ევედრება: “მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა”, (წმ. ეფრემ ასურის ლოცვის კითხვას ვიწყებთ ყველიერის კვირის ოთხშაბათ საღამოდან) უფალმა მოგვცეს ნიჭი საკუთარ ცოდვათა განცდისა, სიმდაბლისა, სიყვარულისა, მოთმინებისა, ლოცვისა და მარხვისა, რათა განვძლიერდეთ სულიერად და ხორციელად და კეთილი გვეყოს ჩუენ. ამინ.

ქრისტეს მიერი სიყვარულით,

მამა ექვთიმე
___________________________________________________________________

მრევლის საყურადღებოთ!!! – ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს, კვირა დღეს რამოდენიმე საათით გადადევით ამა ქვეყნის საზრუნავი, რათა ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში ერთად ვილოცოთ, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ერის, ჩვენი ოჯახების და ჩვენი პირადი ბედნიერებისათვის. ღმერთისგან გვაქვს მოცემული ყოველივე…, ვმადლობდეთ უფალსა.
“ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო”. (ფს. 25, 12)

“თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა” (მათე 6, 33)

დაგლოცოთ ქრისტე ღმერთმა!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *