შეგონება, რათა ეკლესიაში ვიარებოდით

„მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქვენ“
წმიდა იაკობ მოციქული
 
შეგონება, რათა ეკლესიაში ვიარებოდით
წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა
 
როდესაც შევხედავ თქვენს მცირერიცხოვანებას და რომ ჩვენი სამწყსო დღითიდღე კლებულობს, ვწუხვარ და ამავე დროს ვხარობ: ვხარობ თქვენით, ვინც აქ იმყოფებით; ვწუხვარ მათ გამო, ვინც აქ არ არიან. ქების ღირსნი ხართ, რამეთუ უზრუნველნი არ ხართ, მიუხედავად სიმცირის; ისინი გაკიცხვას იმსახურებენ, რადგან თქვენმა თავგამოდებამ მათში გულმოდგინება არ გამოიწვია. ამისთვისაც გრაცხთ თქვენ ბედნიერებად და ნეტარად, რაკი მათმა დაუდევრობამ ოდნავადაც არ გავნოთ, ხოლო თვით მათ საბრალოებად ვთვლი და დავტირი – თქვენმა საღმრთო შურმა მათ არავითარი სარგებელი არ მოუტანა. ნუთუ არ სმენიათ რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ვირჩიე მე მივრდომა (შევრდომა-მუხლზე დადგომა, ფეხებში ჩავარდნა) სახლსა ღვთისა ჩემისასა, უფროს ვიდრე ღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა’ (ფსალმ. 83,10). არ თქვა: ვირჩიე ჩემი ღვთის სახლში ცხოვრება, არც: ბინადრობა, არც შესვლა, არამედ: „ვირჩიე მე მივრდომა.“ მე მოხარული ვარ, ამბობს, ვიყო ამ უკანასკნელთა რიცხვში; კმაყოფილი ვიქნები თუნდაც იმით, რომ ღირს-ვიქმნე წინკარში შესვლისა; უდიდეს ჯილდოდ შევრაცხავ, თუკი ჩემი ღვთის სახლში უკანასკნელთა შორის დამაყენებენ, საერთო უფლის სიყვარული განითავისებს ყოველთა, ასეთია სიყვარული.
„ვარჩიე მე მივრდომა სახლსა ღვთისა ჩემისასა, უფროს ვიდრე ღა დამკვიდრევად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.“ ყოველგვარი ადგილი, ნებისმიერი სახლი – იქნება ეს სასამართლო, სენატი თუ კერძო სახლი – ღვთის სახლთან შედარებით ცოდვილთ სამკვიდრებელია, რამეთუ, იქაც აღავლენენ ხოლმე ლოცვასა და ვედრებას, მაგრამ გარდუვალია განხეთქილება, ჩხუბი, ლანძღვა და თათბირი ცხოვრებისეულ საკითხებზე. ხოლო ეს სახლი კი თავისუფალია ყოველივე ამისაგან. აი, რისთვისაა ის ადგილები საყოფელი ცოდვილთა, ეს კი – სახლი ღვთისა ვით ქარისა და ღელვისაგან დაცული ნავთსადგური სრულ უშიშროებას პირდება ნავთსადგურში გაჩერებულ გემებს, ასევეა ეკლესია, მომსვლელთ თითქოსდა საერო საქმეთა გრიგალიდან გამოიტაცებს, აძლევს მათ საშუალებას მშვიდა და უსაფრთხოთ იდგნენ და ღვთის სიტვას ისმენდნენ, ეს ადგილი სათნოებათა სკოლაა, სიბრძნის – სიყვარულის სასწავლებელი. ნუ მოხვალ მხოლოდ შეკრებების დროს, როცა იკითხება წმიდა წერილი, სწავლება და ოდეს თავს იყრიან პატიოსანნი მამანი; არამედ ნებისმიერ დროს მოვედ, თუნდაც მხოლოდ წინკარში და სულში მოგბერავს თითქოსდა რაღაც სულიერი ნიავი. ეს სიწყნარე შიშს აღგიძრავს და გასწავლის სიბრძნის სიყვარულს; აღანთებს გონებას, გავიწყებს აწმყოს, გადაჰყავხარ მიწიდან ზეცაში.
თუ შეკრებების გარეშეც ასეთი სასარგებლოა აქ ყოფნა, მაშ, რამდენად დიდ სარგებელს იღებენ აქ მდგომნი და რაოდენ ბევრს კარგავენ არმომსვლელნი, როდესაც წინასწარმეტყველნი ხმობენ, მოციქულნი ახარებენ, ოდეს ქრისტე შორის ტაძრისა დგას, როცა მამა იწონებს ყოველივეს, რაც აქ ხდება, როდესაც სული წმიდა გვანიჭებს თავის სიხარულს?
მინდა ვიცოდე, სად არიან ახლა ისინი, ვინც თავი აარიდა მრევლს, რამ დააკავა ისინი და მოაცილა ამ საღვთო ტრაპეზს – რაზე საუბრობენ?  თუმცა კარგად ვიცი: ისინი შეუფერებელ და სასაცილო საგნებზე მუსაიფობენ, ანდა მისცემიან ამქვეყნიურ საზრუნვას; დასაქმება კი ერთითაც და მეორითაც მიუტევებელია და ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებს. პირველ მათგანზე ლაპარაკი და მტკიცება არცაა საჭირო; მაგრამ ისინი, ვინც ოჯახს იმიზეზებენ და ამბობენ, თითქოს გარდაუვალი აუცილებლობა ამა საქმეთა აბრკოლებს მათ, არც ეს ადამიანები მიიღებენ შენდობას, იმდენად, რამდენადაც აქ კვირაში მხოლოდ ერთხელ უხმობენ, მაგრამ ამ დროსაც არ სურთ ზეციური მიწიერს ამჯობინონ – ეს ყოველივე ცხადია სახარებიდანაც. სულიერ საზეიმო ნადიმზე წოდებულნი აი, როგორ იმართლებდნენ თავს: ერთმა სამუშაოდ ხარები შეიძინა, მეორემ – მიწა, მესამე – დაქორწინდა: თუმცა კი ისინი დაისაჯნენ (ლკ. 14, 18-24). არსებობს აუცილებელი საქმეები, მაგრამ არც მათ გამო იმსახურებენ მიტევებას, როდესაც ღმერთი მოგიხმობს, რამეთუ ყოველი აუცილებელი შენთვის, ღმერთზე დაბლა დგას. თავდაპირველად ღირსი პატივი მიაგე ღმერთს და შემდეგ იზრუნე საქმეზე. აბა, მითხარით, რომელი მსახური იზრუნებს თავის სახლზე, თუ ჯერ საკუთარი ბატონის საქმეები არ მოათავა?  მაშ, განა უცნაური არაა, რომ აქ, სადაც უფლება – ერთი მხოლოდ სახელია, ასეთ პატივსა და მორჩილებას იმსახურებს, ხოლო ჭეშმარიტი მეუფის მიმართ არ გვქონდეს ისეთი პატივისცემა მაინც, როგორსაც ჩვენივე მსგავს მონებს მივაგებთ ხოლმე?
ოჰ, რომ შეგეძლოთ ეკლესიაში მოუსვლელთა სინდისში ჩახედვა, ცხადად დაინახავდით, თუ რაოდენი ჭრილობა და ეკალი აქვს სულში! ვითარცა მიწა, რომელსაც მიწადმოქმედის ხელი აკლია, ხმება და ჯაგნარით იფარება, ასევე სულიც, სულიერად დაუპურებელი, აღმოაცენებს ეკალსა და კუროსთავს ვნებისა. თუკი ჩვენ ვინც ყოველდღე ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვიოკებთ რისხვას, გაჭირვებით ვლაგმავთ მძვინვარებას, რის ვაივაგლახით მოვამდორებთ გულისთქმებს, ძლივძლივობით ვიშორებთ გულიდან შურის შხამს, გამუდმებით დავმღერთ რა ჩვენს ვნებებს ადგილებს წმიდა წერილიდან, ამ მხეცებს გაჭირვებით ვიმორჩილებთ, ისინი კი ვინც არასოდეს მიმართავენ ამგვარ მკურნალობას და არ ისმენენ ღვთაებრივ ფილოსოფიას, მითხარით, რა იმედი უნდა ჰქონდეთ მათ ცხოვნებისა? მსურს მქონდეს უნარი თქვენს თვალებს ვაჩვენო მათი სული; ნახავდით, როგორი არაწმინდა, შებილწული, მოშლილი, დამცირებული და უიმედოა! როგორც ტანდაუბანელის სხეულს ფარავს უამრავი ჭუჭყი და მტვერი, ასევე სული, რომელიც არ ისმენს სულიერ სწავლებას, იფარება ცოდვათა დიდი უწმინდურებით.
ეკლესია სულიერი აბანოა, სული წმიდის სიტბოებით ყოვლისავე უწმინდურებისაგან სულის განმბანელი; და სული წმიდის ცეცხლი არა თუ მხოლოდ არაწმინდებას განსწმედს, არამედ ფერსაც კი უცვლის. „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, – ამბობს უფალი, – ვითარცა თოვლი განვასპეტაკო“ (ესაია, 1, 18). დე, ცოდვიანი უწმინდურება იმდენად შეეთვისოოს არსებას სულისას, რომ შეუცვლელი ფერიც კი მიიღოს, მე მაშინაც კი ძალმიძს მოვიყვანო იგი სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში, იმიტომ, რომ საკმარისია ჩემი მხოლოდ მობერვა და  – ყველა ცოდვა აღიხოცება. ამინ.

უფალი შეგვეწიოს ჩვენთვის სასარგებლო, კეთილი არჩევნის გაკეთებაში, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, ლოცვითა წმიდისა დიდი მღუდელმთავრისა იოანე ოქროპირისაითა და ყოველთა წმიდათაითა დაგვიფაროს და გვაცხოვნოს ჩვენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *