დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი

მშვიდობა მოგცეთ უფალმა!

დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი.

დიდი მარხვა არის განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი, მრავალდღიან მარხვათა შორის, რომელიც უდაბნოში მაცხოვრის ორმოცდღიან მარხვას გვახსენებს და შევყავართ ვნების შვიდეულში, ხოლო შემდეგ კი დღესასწაულთა დღესასწაულის – ბრწყინვალე აღდგომის სიხარულსა და აღტაცებაში.
დიდი მარხვა – როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან, არის პერიოდი ლოცვისა და სინანულისა, როდესაც თვითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გამოითხოვოს უფლისაგან (ლოცვითა, მარხვითა და აღსარებით) ცოდვათა მიტევება და თანახმად მაცხოვრის აღთქმისა (ინ. 6, 53-56), ღირსეულად მიეახლოს წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა.

დიდ მარხვას წინ უძღვის სამი მოსამზადებელო კვირა:
პირველი – “მეზვერისა და ფარისევლის კვირა”
მეორე – “უძღები შვილის კვირა”
მესამე – “ხორციელის კვირა” (საშინელი სამსჯავროს ხსენება)

*მოსამზადებელი პერიოდის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით

ლოცვის შესახებ (წმიდა მამათა სწავლებიდან).

ლოცვა საუბარია ღმერთთან, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა ვილოცოთ ყურადღებით და დიდი კრძალულებით. ნამდვილი ლოცვა განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ქრისტიანის ცხოვრებაში და განსაზღვრავს მის ცხოვრების წესს; – “როგორც ვცხოვრობთ, ისე ვლოცულობთ და როგორც ვლოცულობთ ისე ვცხოვრობთ”.-წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე).
” სათნოებათა დედის”, ყოვლადწმიდა ლოცვისა და სხეულითა და გონებით ლოცვაზე დგომის შესახებ სწავლებას წმ. იოანე სინელი-კიბისაღმწერელი, (“კლემაქსი”) ასე იწყებს:
– “ლოცვა თავისი ბუნებით ღვთისა და კაცის შერწყმაა, ხოლო მოქმედებით ის არის: სამყაროს სიმტკიცე, ღმერთთან შერიგება,..ცოდვათა მიმტევებელი, განსაცდელის ჟამს ხიდი, ჭირის დროს – დამცავი კედელი, ბრძოლათა შემმუსვრელი, ანგელოზთა საქმე და უსხეულო არსებათა საზრდელი, მერმინდელი საუკუნის სიხარული, დაუსრულებელი ღუაწლი, სათნოებათა წყარო, მადლის წინამძღვარი, უხილავი წარმატება, სულის საზრდელი, გონების სანთელი, სასოწარკვეთილების მკვლელი, იმედის მიზეზი, მწუხარებისაგან მხსნელი,…მრისხანების განმაქარვებელი, წესიერების სახე, საუკუნო მისაგებლის მომასწავებელი და ახოვანების ნიშანი”.

– ჩვენი ლოცვა მხოლოდ მაშინაა სათნო ღვთისა, როცა იგი სხვა სათნოებასთან; თავმდაბლობასთან, სიყვარულთან, სიმშვიდესთან არის შეერთებული. (ღირსი მაკარი დიდი).

28 იანვარს, მეზვერისა და ფარისევლის კვირას, იწყება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი. შიშითა და კრძალულებით, მთელი გულითა და გონებით წარვსდგეთ ჩვენს ლოცვებში უფლის წინაშე, რათა შესმენილ იყოს ჩვენი ვედრება და სათნო ქრისტესთვის.
27 იანვარს, ვზეიმობთ წმ. ნინოს დღესასწაულს, მისი ძალა და მადლი შეგვეწიოს და წინ გვიძღოდეს ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე.
ამინ.

ქრისტეს მიერი სიყვარულით,

მამა ექვთიმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *